უდელი მოურავი

უდელი მოურავი
2020 წელი (ჩვენი წელთაღრიცხვით). ღვინობისთვის 28 რიცხვი. გურჯისტანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მმართველობა აქვეყნებს უსტარს, სადაც სიტყვა-სიტყვით სწერია:

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს - „ნაციონალურ მოძრაობას, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს .. რევოლუციური  შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი“.

უსტარის გამოქვეყნებამ გურჯისტანში დაძაბულობა და ნერვიულობა გამოიწვია. როგორც მოგვიანებით კულუარებიდან გახდა ცნობილი, ადიგენის რაიონის სოფელ ზაზალოში დაბადებული და უდეში დავაჟკაცებული ვანო (უნო) მერაბისშვილი თბილისზე გამოლაშქრებას აპირებდა. მას დედაქალაქის აღებისა და ბიძინა ივანიშვილის სასახლის დაპატრონების სურვილი საპყრობილეში მჯდომიარობის პერიოდშივე გასჩენია და აჰა, მიეცა კიდევაც ხელსაყრელი მომენტი. სოლოლაკს უნდა მიადგეს, ალყა შემოარტყას, ცაში ფრინველი გაჟუჟოს, მიწაზე კიდე ყველა სულიერი.

დიდი ლაშქრობა

უდელმა მოურავმა „ნაცთა“ ლაშქარი თრიალეთისა და სამსარის ქედების გაყოლებაზე შეჰყარა. თვალუწვდენელ ველზე ჯგროებად შეკრებილიყვნენ რუსთაველნი, ბოლნისელნი, გარდაბნელნი, დმანისელნი, თეთრწყაროელნი, მარნეულელნი, წალკელნი, ბათუმელნი, ზუგდიდელნი. მათ ხელში საოცრად ლაპლაპებდა „ტაჩილაზე“ ალესილი თოხები, ცელები, ბარები და „ლაფატკები“. მეთაურებს კი ჯაჭვის პერანგების ქვემოდან შურდულებიც („ლაგატკები“) მოუჩანდათ.

ტრიალ მინდორზე გადაჭიმულ კარავში დიდკაცნი შეკრებილიყვნენ და რევოლუციურ გეგმაზე ბჭობდნენ, ანუ იმაზედ, თუ როგორი სტრატეგიული მეთოდებით უნდა დაეპყროთ გურჯისტანის დედაქალაქი. უდელი მოურავი განიერ მაგიდაზე გადაშლილ რუკას ჩასჩერებოდა და თან ბრძანებებს იძლეოდა.

- დავით კირკიტაისძევ, შენი მებრძოლებით გარდაბანში დაბანაკდები, მერე დაეშვები იორმუღანლოსკენ მიმავალ ხევ-ხუვებში, გადახვალ ტრასაზე და შემოტრიალდები თბილისისკენ.

- მოურავო, იორმუღანლომდე შორია, ხევ-ხუვებში გავლაც რთულია, იქნებ „ჩერეზ“ რუსთავი წავსულიყავით? - აიჩეჩა მხრები კირკიტაისძემ.

- „ჩერეზ“ რუსთავი კობა ხაბაზნაური წავა, - გადააქნია თავი მოურავმა.

- სხვათა შორის, იქამდე სურსათ-სანოვაგე არ გვეყოფა, - დანებებას არ აპირებდა კირკიტაისძე.

- იორმუღანლოში მეყველეები დაგხვდებიან, ხუთი გუდა ყველი ჩვენზე იყოსო. ყანდაურაში ჩემი ძმაკაცი ატრაწუნე დედას პურებს დაგახვედრებთ!

- მაშინ, ჰო! - ამოიხვნეშა კირკიტაისძემ და განზე გაიწია.

- დიდო სარდალო, ძვირფასო ღრიღოლ ვაშლასძევ, თქვენ გეკისრებათ მეტად საპასუხისმგებლო მისია, გაბარებთ ყველაზე სტრატეგიულ და რთულ უბანს! - გასწორდა წელში მოურავი.

- ჰმ, ჩემთვის სირთულე არ არსებობს, ყველა უბანი მკიდია, - ჩაიცინა ვაშლასძემ.

- დიახ, ვიცი და ამიტომაც გიშვებთ ამ მიმართულებით. ესე იგი, გარდაბნიდან ჩახვალთ თეკალში, გადახვალთ სადახლოში, შემოუყვებით მარნეულისკენ, გადაუხვევთ თეთრწყაროსკენ, დეეშვებით წალკაში, გადმოუხვევთ მანგლისისკენ და გამოჰქანდებით პირდაპირ მთაწმინდაზე.

- კი, მაგრამ მარნეულიდან მშვენიერი გზა ჩადის სოლოლაკში, თანაც უფრო მოკლეა, რატომ უნდა ჩავიდე თეთრწყაროსა და წალკაში? - მოიფშვნიტა ხელები ვაშლასძემ.

- მაგ გზით ხაბულ დილარიანი წავა. როცა მან ზვიადი მიატოვა, სწორედ მაგ მიმართულებით გაიქცა და ვთვლი, რომ დიდი გამოცდილება აქვს... ჰო, თეთრწყაროში რომ ჩახვალთ, წალკის გადასახვევთან მეკარტოფილეები დაგხვდებიან, ხუთი „მეშოკი“ კარტოფილი ჩვენზე იყოსო.

- დიდო მოურავო, ესე იგი, მე „ჩერეზ“ რუსთავი შევდივარ დედაქალაქში? - წამოიჭალყვა კობა ხაბაზნაური.

- მაიცადეთ, ტოოო, მე, ფაქტობრივ პრემიერს ჯარის გარეშე მტოვებთ?! - იყვირა მოურავის ტახტზე გადაშხლართულმა ჯუნიორ ვაშლასძემ.

კარავში დუმილი ჩამოწვა, დიდმა კაცებმა ერთმანეთს ეჭვის თვალით გადახედეს. მათ მზერაში ირონიაც შეინიშნებოდა და შიშიც.

- ა, ჰო, შენ, ჩემო დიდო სარდალო... შენ მე მარჯვენა ხელად მჭირდები, როდესაც ფრონტზე გავალთ, ჭოგრიტს მომაწვდი ხოლმე, - სცადა სიტუაციის განმუხტვა მოურავმა.

- რა ჭოგრიტი, ტოოო? - წამოიხვეტა ჯუნიორი.

- ჰო, სხვათა შორის... მე ვაპირებ სპეცოპერაციის ჩატარებას კოდური სახელწოდებით „ორი გვამი“. იქაც მჭირდები ცივი წყლის მომწოდებლად. არ დაგავიწყდეს, თვით ნაპოლეონსაც ჰყავდა ასეთი ღვაწლმოსილი თანაშემწეები, საპყრობილეში წავიკითხე ესა. შენ იქნები ჩემი მარჯვენა ხელი, ხოლო მაჭუტაისძე იქნება მარცხენა ხელი.

- შენა, ბიჭო, ხო არაფერი გეშლება? მე ვარ დავით აღმაშენებელი! - ოფიციალურად განაცხადა ვაშლასძემ.

- ვიცი, საპყრობილეში წავიკითხე! - აყვირდა მოურავიც.

- 1089 წელსა, როდესაც 16 წლისა ტახტზე ავედი, გურჯისტანი იყო გაუბედურებული ბიძინა ივანაურის მიერ.

- ჰო, ვიცი,საპყრობილეში წავიკითხე ეგეცა!

- მამიჩემ უფროს ჯუნიორის სულსა ვფიცავარ, ქვეყანას არბევდნენ კალასძეები, გახარაიები, ღარიბაულები, ივანაურები... მაგათი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, სიძეები, მულები, მულთა ქმრები, დეიდაშვილები!

- ვიცი-მეთქი!

- მამიჩემის ძალაუფლება ლიხის ქედს იქით აღარა ვრცელდებოდა. ბოლო-ბოლო, გელათი ამიშენებია... როგორ მწარედ მახსოვს, ერთხელ გადმოვვარდი, სიკვდილს ძლივს გადავურჩი, ავშანდაძეებმა მიმკურნალეს!

- კარგი, დამშვიდდი!

- გაიგეთ, მე ვარ უდიდესი სტრატეგოსი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!

- ჰო-მეთქი!

- ოკეანის გაღმა ჯო ბაიდენია, ოკეანის გამოღმა კიდე მე!

- ჰოდა, ამიტომაც გნიშნავ მეჭოგრიტეთუხუცესად!

- აეგრე გეთქვა, რააა, უხუცესობა სხვა საკითხია!

- აბა, რა გეგონა?

- მეგონა, ერთი ცალი ჭოგრიტი უნდა მეტარებინა ამხელა კაცსა!

დიდმა კაცებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს. ყველა კმაყოფილი ჩანდა. უდელ მოურავს მაჭუტაისძე და ვაშლასძე ამოუდგნენ აქეთ-იქიდამ, პირველს წყალი მოეგდო ტიკჭორით ზურგზე, ხოლო მეორეს - ჭოგრიტებით სავსე „მეშოკი“. უცებ კარავში დამინტაჟებული ეკრანი ჩაირთო, სადაც წმინდა მიხა გამოისახა. დიდი კაცები მუხლებზე დაეცნენ. მოურავს სახეზე ალმური წაჰკიდებოდა. დარცხვენილმა ტურისებურად გააპარა თვალი ეკრანისკენ და ამოილუღლუღა:

- დიდება შენს გამობრწყინებას, შენო ბრწყინვალებავ.

- ხხხიიიიხ! - აღმოხდა ხორხისმიერად წმინდანს. 

- ბბბუუაბაბაბაბა! - მიუგო მოურავმა.

- ჩემო სარდლებო, ჩემო საყვარლებო, მზიას და ზეზვას შთამომავლებო, მზად ხართ, დასცხოთ მაგ წუნკლებსა?!

- ბბბუუაბაბაბაბაბა! - გაისმა ერთხმად კარავში.

- კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ივანაურს, რომელიც მარტოა დარჩენილი და როგორც მითხრეს, გვირაბიც გაუთხრია გასაქცევად!

- მართლა?! - წამოიძახა მაჭუტაისძემ.

- ე, ბიჭო, დაოკდი, წმინდანის ნათქვამში ეჭვის შეტანა სად გაგონილა? - მოქაჩა ჯაჭვის პერანგზე ხაბაზნაურმა.

- ჰოდა, იმას ვამბობდი... ვაფრთხილებ ივანაურს: წადი, გასცი, გამეცალე,ნება იბოძე, როგორც ხელისუფლება გადმოგაბარე, ისევ გადმომაბარე. თუმცა... შენ არ ხარ ის კაცი, გადმობარებული უკან გადმომაბარო, ამიტომ რაც დეგემართება, შენსავე თავს უნდა დააბრალო!

- ურაააააა!!! - დასჭექა ხაბულ დილარიანმა.

- ურა კი არა, ვაშააააა!!! - გამოასწორა ღრიღოლმა.

- ჩემო ერთგულო ჯარისკაცებო, დამილოცნიხართ გველეშაპთან უთანასწორო ბრძოლაში. როდესაც სოლოლაკის სასახლეს აიღებთ, გვირაბი ჩახერგეთ, ივანაურს იქ რვაასი მილიონი დოლარი აქვს გადამალული. თუ გაგექცეთ, გაუშვით, ირბინოს!

- ბბბუუაბაბაბაბაბაააა! - დასჭექეს კარავში და დადგა კიდევაც გურჯისტანის გაბრწყინების მომენტი.

***

ოფიციალურად გამოცემული გრაგნილის თანახმად: თრიალეთისა და სამსარის ქედთა ძირებიდან გასული არც ერთი დაჯგუფება დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. სოფელ ზაზალოსა და უდეში მერაბისშვილის მეზობლები ამბობენ, რაც ხელიდან წავიდა, მას მერე აღარ გვინახავსო, მაგას კუკიაზე აქვს კაი სახლი, შეიძლება იქ იმალებოდესო. იორმუღანლოელი მეყველეები იძახიან, რამდენიმე დაძონძილმა ჩამოიარა, ხუთი გუდა ყველი მოიკიდეს და წავიდნენო. ყანდაურელ ატრაწუნეს თქმით, შოთების წასაღებას არავინ მისულა. როგორც წალკელი მეკარტოფილეები იტყობინებიან, ულვაშიან კაცს ქოშინით ჩამოურბენია, ერთი „მეშოკი“ კარტოფილი მოუკიდებია და თავქვე დაშვებულა, თან ყვიროდა, შკლიაროვ, სადა ხარ, სად დამეკარგეო? მიმდინარეობს გამოძიება.

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა