ლევან კობიაშვილი: როგორც ჩანს, მელია სიბინძურის დასრულებას არ აპირებს

ლევან კობიაშვილი: როგორც ჩანს, მელია სიბინძურის დასრულებას არ აპირებს
ლევან კობიაშვილი (მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში - "ქართული ოცნება):

არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ მინდოდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება. ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკანორ მელია.

ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას.

ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა.

მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს.

მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა.

მის დონეზე არ და ვერ დავალ!

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.

მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.

მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!