კახა ძაგანია: პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა ითამაშონ სააკაშვილის თამაში!

კახა ძაგანია: პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა ითამაშონ სააკაშვილის თამაში!
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ძაგანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არ უნდა ითამაშონ მიხეილ სააკაშვილის სცენარით დაგეგმილი ქვეყნის დამაზარალებელი თამაში და უნდა შევიდნენ პარლამენტში. კახა ძაგანიას თქმით, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ანუ 6 თვის მერე, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნების ფორმა იქნება სრულად პროპორციული და 5% ბარიერით, რაც გულისხმობს ისევ ორ პოლუსიან პარლამენტს:

„ხალხთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, წლების განმავლობაში „მემარცხენე ალიანსიც“ იბრძოდა იმისთვის, რომ პარლამენტი დაკომპლექტებულიყო მრავალფეროვნად და მასში შესულიყვნენ სხვადასხვა პარტიები, ამ მოცემულობით ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და 9 პარტიას მისცა იმის საშუალება, რომ პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ნათლად ჩანს, რომ ე.წ. ოპოზიციის ქმედებები არის სააკაშვილის მიერ დადგმული და მომავალზე გათვლილი სცენარი, რომელიც არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ იმ პატარ-პატარა პარტიებისთვისაც საზიანო იქნება, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე დგას ახლა. თუ მოხდა ისე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში „ქართული ოცნება“ დათანხმდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მომავალ წელს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, რაც ნამდვილად არ არის რეალობას მოკლებული, ამ შემთხვევაში არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად და 5% ბარიერით, ანუ გამოდის, რომ წლების განმავლობაში ხალხის მონაპოვარი, რომელიც გულისხმობდა მრავალპარტიულ პარლამენტს, წყალში იყრება, ჩვენი ქვეყანა კი დაახლოებით 10 წლით უკან დაიხევს, რადგან რეალობა აჩვენებს, რომ 5% ბარიერის გადალახვა მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს აწყობს და ზუსტად ამ სცენარით მოქმედებს - ცდილობს, თავის ირგვლივ სხვა არავინ გაუშვას  წინ. ჩვენ, „მემარცხენე ალიანსი“ მოუწოდებთ იმ პარტიებს რომლებმაც არჩევნებში 1% ბარიერი გადალახეს, ნუ ითამაშებენ იმ თამაშს, რომელიც აწყობს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, შევიდნენ პარლამენტში და აიღონ ის ვალდებულება, რაც მათ თავიანთმა ამომრჩევლებმა მიანიჭეს, ნუ დაუშვებენ სააკაშვილის სცენარის სრულად განხორციელებას, რადგან ეს როგორც ქვეყანას, ასევე მათ დააზარალებს“.