ზვიად კუპრავა: უნდა შევქმნათ განცდა, რომ მოვიგეთ

უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული.

გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, კუპრავა, სავარაუდოდ, ლაშა ცუცქირიძეს, დავით ლაგვილავასა და მურთაზ ზოდელავას აძლევს მითითებებს, თუ როგორ შექმნან საზოგადოებაში განწყობა, რომ სხვადასხვა უბნის მონაცემით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს იგებს. კუპრავას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტია უბანზე არჩევნებს წააგებს, პარტიამ უნდა განავითაროს ნარატივი, თითქოს ხმები გაუყალბეს.

„საქართველოს მედია და საზოგადოება შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ მომზადებული გეგმის გამო, რაც ხელისუფლების მიტაცებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს. ამ საფრთხეების შესახებ, საუბრის ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შანტაჟი, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილება და საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარება“, - წერს გამოცემა.

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბრები ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზის შეცვლასა და საქართველოში არეულობის ორგანიზების გეგმას. გამოცემის ცნობით, ზვიად კუპრავა თავის ჯგუფთან გეგმავს იგივე მეთოდი გამოიყენოს, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იყენებდა.

„ზვიად კუპრავა: თბილისში, საბურთალოს რაიონში ისედაც ვიგებთ...კიდევ ვიყვირებთ, რომ სხვა უბანშიც ვიგებთ. მოკლედ იმას გავიმეორებთ, რასაც აკეთებდა მიშა, როცა ფეისბუკზე აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ამ უბანზეც მოვიგეთ და სხვაგანაც. მოკლედ, დათო, სიტუაცია იმუხტება... ხალხი იფიქრებს, რომ მოვიგეთ ერთ და მეორე ადგილზეც, ხალხი დაფიქრდება და გარეთ გამოვა... სხვა რა გზა აქვთ. ამ იდეას კულტივაციას უწევს მურთაზ ზოდელავა. უნდა შექმნა განცდა, რომ მოვიგეთ და თუ იმან (?) დაგიწერა, მოგებული წაგართვეს, რა...“ - ისმის აუდიოჩანაწერში.

Obozrevatel.com-ის ცნობით, ზვიად კუპრავა ჯგუფთან ერთად განიხილავს ასევე 1000 კაციანი მობილური ჯგუფის შექმნის იდეას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბება და ყველაფერს „ჰაერში აწევს“. გამოცემის ცნობით მხარეები ამ გეგმაზე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მუშაობდნენ და დაფინანსებასაც ელოდნენ.

ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერჯერობით უცნობია.

 IMEDI