გიორგი კახიანი: დებატებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვინ არის მართალი

გიორგი კახიანი: დებატებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვინ არის მართალი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დებატების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს დებატების გამართვის შიში აქვს, რადგან საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს თუ ვინ არის მართალი.
„ორი კვირა გავიდა საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ და ის სცენარი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საუბარი იქნებოდა გამოგონილ გაყალბებულ არჩევნებზე ამას ვადევნებთ ახლა თვალს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას, ტყუილების გარკვეული ნიაღვარი იყო, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას აწოდებდნენ, ჩვენი მხრიდან კი დამაჯერებელი არგუმენტებით იყო საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციის შეფასებები სრულიად უსაფუძვლოა. რა აღარ ვცადეთ! მათ შორის შევთავაზეთ ნებისმიერი უბნის გახსნა, სადაც ფიქრობდნენ რომ რაღაც კითხვის ნიშნები შეიძლება იყოს და ამაზე უარი ხომ იმას ნიშნავს, რომ კარგად იციან საარჩევნო ყუთებში არსებული ციფრები ზუსტად ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ციფრებს. ესეც ერთგვარი ლუსტრაციაა და ჩვენი მხრიდან ერთგვარი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდით და დებატებში ვიმსჯელოთ არჩევნები თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა და მე მოვისმინე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეფასებები, რომლებმაც დიდი აღტაცება არ გამოთქვეს დებატების გამართვის შესახებ. ამ დებატებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს ვინ არის მართალი და ოპოზიციას ამისი ეშინია. დებატების მიმართ მე მათ რიტორიკაში შიში დავინახე და იმედი მაქვს, რომ ეს დებატები მაინც შედგება. როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ, ჰაერში ისვრიან სიტყვებს და ციფრების რახა-რუხი გვესმის, წარმოუდგენელ სტატისტიკაზე საუბარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ჩვენ ყველა ჩვენ მოსაზრებას კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული არგუმენტებით ვასაბუთებთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.